აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი აფასებს. მისი განცხადებით, ბოლო რვა წლის განმავლობაში თავისუფალი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს.
უდუმაშვილის თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალების მფლობელების მიმართ დღემდე მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა, რომლებსაც პატიმრობით ემუქრებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის განცხადებით, ის რაც დღეს აჭარის ტელევიზიაში ხდება, ივანიშვილის რეჟიმის „გასაოცარი დემოკრატიის“ შედეგია.
ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ტელევიზიის ჟურნალისტებს სრულ მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს.
„გვინდა გამოვეხმაუროთ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე უმძიმეს პროცესებს. მთელი ქვეყანა მომსწრეა, ბოლო რვა წლის განმავლობაში, როგორ მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა თავისუფალი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.
ჩვენ კარგად ვნახეთ უკვე დახურული ტელევიზიები, რომლებიც მრავალწლიანი ომის შემდეგ ჩამოერთვათ მფლობელებს და გადაეცათ სხვა მფლობელებს. დღემდე მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა სხვადასხვა მედიასაშუალებების მფლობელების მიმართ და მათ პატიმრობით ემუქრებიან. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის გასაოცარი დემოკრატია და ამ დემოკრატიის შედეგია ის, რაც ხდება დღეს აჭარის ტელევიზიაში.
დიდი ხნის ბრძოლის შედეგად, ხელისუფლებამ შეძლო და დანიშნა ის დირექტორი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების დავალებებს შეასრულებს, რასაც ავტომატურად მოჰყვა ყველა იმ მედიამენეჯერის გათავისუფლება, რომლიც არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე იყო პასუხისმგებელი.
გუშინ ეთერიდან მოხსნეს არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ახლა ჯერი ჟურნალისტებზეა. მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო მადლობა, თითოეულ მათგანს ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას დაა სოლიდარობას ჩვენი პარტიის სახელით. დღეს აჭარის ტელევიზიაში 1937 წელია იმიტომ, რომ მიმდინარეობს ტოტალური ცენზურა და კონტროლი ჟურნალისტებზე.
ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და ხელისუფლება დამარცხდება“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.